არჩევნები 2017

ვინ დააკვირდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

მათი წარმომადგენლები ამომრჩეველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიაწვდიან. დამკვირვებლების მოვალეობა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან საარჩევნო პროცესის და მისი შესაბამისობის შეფასებაა.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს არეგისტრირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესების და ვადების შესაბამისად.

ვინ შეიძლება იყოს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია?

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას ცესკო არეგისტრირებს. ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 7 დღისა. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს რეგისტრაციის საკითხს.

საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ცესკოს განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა (19 ოქტომბერი - 18 : 00 საათი) ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. 

ვინ არიან ადგილობრივი დამკვირვებლები

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წესდებაც რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს, ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.

ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლიდან, გარდა:

  • სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;
  • საქართველოს პარლამენტის წევრისა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;
  • მოსამართლისა;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;
  • პროკურატურის თანამდებობის პირისა;
  • საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;
  • საარჩევნო კომისიის წევრისა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის:

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR)

მისიის ხელმძღვანელი კორინ ჯონკერი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 303.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საერთაშორისო დამკვირვებლებიდან იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა საქართველოში არჩევნების დემოკრატიული პროცესის მეთვალყურეობის კუთხით. ეუთოს დამკვირვებლები მონიტორინგს უწევენ წინასაარჩევნო კამპანიას, მედიის მიერ არჩევნების დაფარვას, საკანონმდებლო ჩარჩოს და მის განხორციელებას, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს.

ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 1999 წლიდან აკვირდება.  იგი მეთვალყურეობდა ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინანდელი საპარლამენტო არჩევნები. მის დასკვნას დიდი როლი ჰქონდა ამ არჩევნების არალეგიტიმურად შეფასებაში.

ეუთოს მისია ყველა საარჩევნო პროცედურას დააკვირდება და პირველად შეფასებას კენჭისყრის მომდევნო დღეს გააკეთებს. რამდენიმე კვირაში კი სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მედია საშუალებების მონიტორინგის შედეგებსაც მოიცავს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)

საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 28.

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები 2012 და 2016 წლების საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობდნენ. ორგანიზაცია ასევე ეხმარება ადგილობრივ საარჩევნო დამკვირვებლებს მიუკერძოებელი დაკვირვებაში დაგეგმვის, კომუნიკაციებს და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, რათა გაიზარდოს არჩევნების მიმართ ნდობა.

საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და პუბლიკაციების ხილვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 21.

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც დააკვირდება. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა, მისიის ხელმძღვანელი კი საქართველოს ხვალ ეწვევა. საერთაშორისო ორგანიზაცია უშუალოდ არჩევნების დღეს გაუწევს მონიტორინგს. დამკვირვებლები თბილისის გარდა, რეგიონებშიც იმუშავებენ. 

სხვა, ათეულობით ორგანიზაციასთან ერთად, საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის დარეგისტრირდნენ შემდეგი ორგანიზაციები და საელჩოები:

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - მისიის დირექტორი დუგლას ჰ. ბოლი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 44.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჯოს დოუმა, დამკვირვებელთა რაოდენობა - 9.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 22.

მსოფლიოს საარჩევნო ადმინისტრაციების  ასოციაცია (A-WEB) - გენერალური მდივანი კინ იონგ-ჰ, დამკვირვებელთა რაოდენობა - 2.

71 ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - დირექტორი მიხეილ ბენიძე, დამკვირვებელთა რაოდენობა - 1265.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, დამკვირვებელთა რაოდენობა - 321.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 88.

ადამიანის უფლებათა ცენტრი - აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, დამკვირვებელთა რაოდენობა - 29.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - დირექტორი ეკატერინე ჭითანავა.

სასარგებლო ბმულები: 

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო არჩევნებზე სადამკვირებლო ორგანიზაციებისთვის

 

კომენტარები