ერაყი

ქურთმა მებრძოლებმა კირკუკის შემდეგ ქალაქი სინჯარიც დატოვეს

Reuters

მას შემდეგ, რაც ერაყის ძალებმა შიიტურ მილიციასთან ერთად ქალაქი კირკუკი დაიკავეს, ქურთმა მებრძოლებმა ქალაქი სინჯარიც დატოვეს. ერაყის ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები არ მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით ქალაქს ამჟამად შიიტური მილიცია აკონტროლებს.

ქურთებმა ქალაქი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსაგან 2015 წელს გაათავისუფლეს და მას შემდეგ აკონტროლებენ.

სინჯარი და კირკუკი იმ ტერიტორიებს შორისაა, რომლებიც ისტორიულად ქურთებითაა დასახლებული, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებული ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის. ერაყის მთავრობამ ტერიტორიების დაკავების შესახებ გადაწყვეტილება ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან სამი კვირის შემდეგ მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი "სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს" და მხარეებს ვითარების ესკალაციისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავიდან აიცილონ პროვოკაციები, რომლებიც ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებით დაინტერესებულმა ერაყის მტრებმა შეიძლება გამოიყენონ. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად და ერაყელებსა და ქურთებს შორის დაძაბულობის გაგრძელება ამ სასიცოცლო მნიშვნელობის მისიისაგან ყურადღებას გადაიტანს." ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები