რუსმა არტისტმა პეტრე პავლენსკიმ, რომელიც საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა, პარიზში ცენტრალური ბანკის შენობას ცეცხლი წაუკიდა.
ბანკის პრესსამსახურმა რუსულ BBC-ის მომხდარი დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შენობის მხოლოდ შესასვლელი დაიწვა.
ფოტოგრაფმა ანრი კაპუსინმა, რომელმაც პერფომანსის ფოტოები გადაიღო, თავისი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პავლენსკი პარიზის პოლიციამ დააკავა.
მხატვარის დაკავების ფაქტი პარიზის პოლიციამაც დაადასტურა და დაამატა, რომ მათ ორი პოროვნება დააკავეს, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ. პარალელურად კი, ფოტოსააგენტომ - Divergence Image - არა მხოლოდ პერფომანსის, არამედ პავლენსკის დაკავების ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.
მოძრაობა Femen-ის აქტივისტი სარა კონსტანტინი თავის Twitter-ზე წერს, რომ პეტრე პავლენსკი საფრანგეთიდან მსოფლიო რევოლუციას იწყებს, რადგან ბანკირებმა დღეს მონარქების ადგილი დაიკავეს.
პეტრე პავლენსკი მედიის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2012 წელს, Pussy Riot-ის მხარდამჭერი გამოსვლებისას მოექცა. მაშინ პავლენსკიმ პირი ამოიკერა. 2015 წელს კი მოსკოვში უკრაინელი რეჟისორის მხარდასაჭერად, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, პავლენსკიმ თავდაცვის ფედერალური სამსახურის შესასვლელი კარი დაწვა და შედეგად 7 თვე რუსულ იზოლატორში გაატარა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაჩენს გამოუტანს მას პარიზის პოლიცია.





