მინისტრები პარლამენტში

ევროპული საქართველო პრემიერს და მინისტრებს პარლამენტში იბარებს 

ევროპული საქართველო პრემიერმინისტრს მიმართავს, დაავალოს მთავრობის წევრებს, გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში ამჯერად ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს იბარებს. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილსაც მოუწოდებს, თავადაც ეწვიოს საკანონმდებლო ორგანოს და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში გასცეს პასუხები კითხვებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ.

პარტია მიუთითებს, რომ როგორც მინისტრები, ასევე მთავრობის მეთაური პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულები არიან, გამოცხადდნენ საქართველოს პარლამენტს და დაესწრონ ფრაქციის სხდომებს, უპასუხონ დასმულ შეკითხვებს და წარადგინონ საქმიანობის ანგარიში. ევროპული საქართველოს განცხადებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს ვალდებულება პარლამენტს, განსაკუთრებით საპარლამენტო უმცირესობას, საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მთავრობის საქმიანობა. ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან არის ანგარიშვალდებული.

"სამწუხაროდ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტს არ ეძლევა საშუალება განახორციელოს კანონით მინიჭებული და ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის არსებითი ფუნქცია მთავრობის წევრების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. ჩვენ არაერთხელ დავიბარეთ თქვენი კაბინეტის წევრები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად, თუმცა არც ერთი მათგანი პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში არ გამოცხადებულა. მათ შორისაა კახა კალაძეც, რომელმაც ისე დატოვა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა, არც ერთხელ არ უპასუხია საპარლამენტო უმცირესობის კითხვებისთვის.

მზად ვართ მოგაწოდოთ სია იმ მინისტრებისა, რომლებიც პარლამენტში დავიბარეთ:

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 

საქართველოს ენერგეტიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი კახა კალაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

საპარლამენტო უმცირესობა მოგიწოდებთ, დაავალოთ მთავრობის წევრებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და მოსთხოვოთ, აუცილებლად დროულად გამოცხადდნენ პარლამენტში ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას. საპარლამენტო უმცირესობა ამჯერად მოითხოვს ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსვლას პარლამენტში.

საპარლამენტო უმცირესობა თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის პირველ მინისტრს მოგიწოდებთ, აღასრულოთ თქვენზე კანონით დაკისრებული ვალდებულება (პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლი, მე-3 ნაწილი), ეწვიოთ საქართველოს პარლამენტს და უმცირესობასთან შეხვედრის ფორმატში, გასცეთ პასუხები კითხვებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ", - ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში. 

კომენტარები