ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

shaw-trust.org.uk

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ეს დღე ეძღვნება ფსიქიკურ ჯანმრთელობას სამუშაო ადგილებზე, რაც დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას გულისხმობს.

ამ დღის დამაარსებელი ორგანიზაცია, მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია (WFMH) , მიზნად ისახავს, შეამციროს ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. WFMH ყურადღებას ამახვილებს საკითხებზე, როგორიცაა სხვადასხვა სახის მენტალური პრობლემები კომპანიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებში.

2013 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 100,000 მოსახლეზე ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მაჩვენებელი 1536-ს წარმოადგენდა. ექსპერტთა შეფასებით ეს ინფორმაცია არასრულია და ფსიქიკური აშლილობების გავრცელება სულ მცირე ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს. საქართველოს მოსახლეობაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მიმართ მიუღებლობის და შიშის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია. მენტალური ჯანმრთელობის საკითხის სტიგმატიზირება და დაბალი ცნობადობა აფერხებს ფსიქიკური მდგომარეობის სათანადო შეფასებას და აშლილობების დიაგნოსტიკას. შედეგად, ფერხდება ფსიქიატრიული მკურნალობა და რეაბილიტაციაც.

ყველაზე გავრცელებული აშლილობები, როგორიცაა დეპრესია და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, დაკავშირებულია როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიოლოგიურ სიმპტომებთან. სიმპტომები მოიცავს კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეებს. დაქვეითებულ განწყობას, ქრონიკულ დაღლილობასა და ინტერესის დაკარგვას. ფსიქიკური აშლილობები და მათი დამახასიათებელი სიმპტომები უკიდურესად აქვეითებენ პიროვნების ცხოვრების ხარისხს და მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიან სამუშაო ადგილის ეკონომიკურ წარმატებას.

მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია პირობას დებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და მხარი დაუჭიროს საკუთარ თანამშრომლებს. ამ ინიციატივას უერთდება ათობით ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება და გამოწვევად რჩება ამ სფეროში არსებული პრობლემები.

„ სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე 25 წელია ოფიციალურად აღინიშნება. ყოველწლიურად,მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია ამ დღეს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის განხილვას, სტიგმის შემცირებას და ცნობადობის ამაღლებას უძღვნის.

კომენტარები