არჩევნები 2017

ელისაშვილი: კალაძე მედიას აჯაფსანდალს სთავაზობს

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

​თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძის შეთავაზება საერთო დებატების შესახებ მედიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა. თუმცა, მისივე თქმით, ამ "აჯაფსანდალში" მონაწილეობის მისაღებად მზად არის. 

”ცდილობენ ჩემს შეთავაზებაზე უარი ”გააპრავონ”. ”ქართული ოცნების” შტაბი მედიას სთავაზობს გაურკვეველ ფორმატს, აჯაფსანდალს. ამაზეც თანახმა ვარ. არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა. მინდა მივმართო ტელევიზიებს, რომ ”ქართული ოცნების” შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, როგორი უნდა იყოს დებატები. გამოვიდა ”ქართული ოცნების” შტაბი და ამბობს, ტელევიზიები უნდა შეგროვდეს, ამდენი წამყვანი უნდა იყოს და ა.შ. ასე აკეთებს ალბათ კიმ ჩენ ინი ფხენიანში, ჩვენ კი ვცხოვრობთ თბილისში. მე მზად ვარ ნებისმიერ სახელისუფლებო ტელევიზიაშიც მივიდე. მთავარია, ტელევიზიებმა თავად გადაწყვიტონ, როგორი ფორმატი უნდა შესთავაზონ მაყურებელს”, - ამბობს ელისაშვილი. 

დღეს კალაძის საარჩევნო შტაბმა მედიას საერთო ტელედებატები შესთავაზა. თალაკვაძის თქმით, ეს გულისხმობს ყველა ტელევიზიის მიერ ერთობლივ ფორმატზე შეთანხმებას, რომელში მონაწილეობასაც ყველა კანდიდატი მიიღებს. 

ალეკო ელისაშვილმა კალაძეს სატელევიზიო დებატები რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. თუმცა, კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ ელისაშვილთან დებატები საინტერესო არ არის, რადგან ის მისი მთავარი კონკურენტი არ არის. 

კომენტარები