არჩევნები 2017

ფედერაცია არ ასაჯაროებს, რა დაჯდა კალაძის და ვარსკვლავების თამაშის ორგანიზება

facebook.com/pg/kakhakaladzeofficial

ტაბულას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს, რომ ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა დაჯდა 29 სექტემბერს, დინამოს არენაზე კახა კალაძისა და ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო თამაშის ორგანიზება. თამაშზე ბილეთების გაყიდვით ფედერაციამ 300 000 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც სრულად გადაირიცხა ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში.

ფედერაციის ცნობით, ფეხებურთელების მოწვევა, მათი დაბინავება და თამაშის ორგანიზება მხოლოდ კერძო სპონსორებისგან მიღებული თანხით მოხდა, ამ კონტრაქტების მოცულობის შესახებ კი ფედერაცია ინფორმაციას ვერ გასცემს. შესაბამისად, უცნობია რა არის სხვაობა თამაშის მოწყობასა და ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს შორის.

თამაშის სპონსორები იყვნენ: VTB ბანკი, ლუდი აისი, თეგეტა მოტორსი, სამშენებლო კომპანია m2, სოკარი და ბორჯომი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის შეფასებით, ოცნების მერობის კანდიდატის ამ თამაშში მონაწილეობა უკანონო აგიტაციას წარმოადგენდა.

ფეხბურთის ფედერაციამ 2 სექტემბერს კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, საქართველო ირლანდიის ამხანაგურ თამაშზე ბილეთების გაყიდვით მიღებულმა თანხამ 103 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ფედერაციამ ამ ორი თამაშით ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში 403 ათასი ლარი გადარიცხა.

კომენტარები