აშშ-კუბას ურთიერთობა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა

Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან 15 კუბელი დიპლომატი გააძევა. მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ოფიციალურმა ჰავანამ ვერ შეძლო კუბაში აშშ-ის საელჩოში ამერიკელი დიპლომატების დაცვა.

საელჩოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ჩივილი 2016 წლის ბოლოს დაიწყეს. მათი სიმპტომები შემდეგია: სმენის დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა და გულისრევა. ეს სიმპტომები დღემდე ოცზე მეტ თანამშრომელს გამოუვლინდა. უკანასკნელი შემთხვევა 21 აგვისტოს დაფიქსირდა.

წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი მიზეზად "აკუსტიკურ თავდასხმას" ასახელებს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით თანამშრომლების ჯანმრთელობაზე გავლენა ამ დრომდე დაუდგენელი ხმოვანი აპარატით მოახდინეს. კუბა თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

გასულ კვირას ჰავანაში აშშ-ის საელჩო ამერიკელი დიპლომატების ნახევარმა დატოვა.

"გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ კუბამ ვერ შეძლო გადაედგა ვენის კონვენციის მიხედვით მასზე დაკისრებული სათანადო ნაბიჯები ჩვენი დიპლომატების დასაცავად" განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა ამ ნაბიჯს "მიუღებელი" და "გაუმართლებელი" უწოდა.

კომენტარები