უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება

უზენაესმა სასამართლომ ჩერგოლეიშვილზე ახალგაზრდა ადვოკატების საჩივარი არ მიიღო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და განუხილველად დატოვა. 

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, ახალგაზრდა ადვოკატების საკასაციო საჩივარი თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადების თაობაზე დარჩა განუხილველად. "ახალგაზრდა ადვოკატებს" დაუბრუნდათ არჩილ კაიკაციშვილის მიერ 2017 წლის 8 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება", - განაცხადეს უზენაეს სასამართლოში. 

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში 2014 წელს უჩივლეს: ის ორგანიზაციის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს და მათ შესახებ გაკეთებული განცხადების უარყოფა მოსთხოვეს - ტაბულას რედაქტორმა Facebook-ზე ორგანიზაციის დამფუძნებლის, თინათინ ნაბლოშვილის ქართული ოცნების ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, “ახალგაზრდა ადვოკატები” ქართული ოცნების აქტივისტებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებენ. ნაბლოშვილმა საქმე ორივე ინსტანციის სასამართლოში წააგო, ვინაიდან სასამართლომ ჩერგოლეიშვილის Facebook პოსტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოთქმულ პოზიციად მიიჩინია.

თინათინ ნაბლოშვილი დღეს ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-3 ნომერია. მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აქტიურად ებრძოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების სხვა შტოების თავდასხმის ობიექტიც იყო.

კომენტარები