ენმ-ის აქცია

ხაბეიშვილი მერიას: შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა

Levan Khabeishvili/facebook.com

ენმ-ის წევრის ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, თბილისის მერიამ არასრული ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ის გაიტაცეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს. მისი თქმით, შეუძლია ყველა პირის ამოცნობა და იდენტიფიცირება.

"თბილისის მერიას ის ვიდეოჩანაწერები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. მე მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ეს ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცეს" - თქვა ხაბეიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით. 

თბილისის მერიის მტკიცებით კი, სიცრუეა ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს აქციაზე, დაკავებისას სცემეს.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

გუშინ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. პოლიციამ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის მუხლებით 6 ადამიანი დააკავა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

კომენტარები