ენმ-ის აქცია

დაპირისპირება მერიასთან - ენმ-ის წევრებს შენობაში შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისის მერიასთან, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია მიმდინარეობს. პარტიის საკრებულოს და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი მერიის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ენმ-ის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია, დაახლოებით, დღის 14:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს.

"ჩვენ არ შევეგუებით, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი პანორამა თბილისი ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს" - ამბობს ენმ-ის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

თბილისის საკრებულომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები