საქართველო-უელსი

ბრიტანეთის საელჩო: ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს

iStock

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია დოკუმენტია, რომელიც პრაქტიკულ რჩევებს მოიცავს და მისი მიზანი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემაა.

საელჩო მიუთითებს, რომ ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია.

თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის.

მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას", - განმარტავს დიპლომატიური წარმომადგენლობა. 

6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა და მატჩზე დასწრების მსურველებს მოუწოდა, ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში. ასევე აღნიშნა, რომ თბილისში ხშირია ავარიები, შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი კი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს.

კომენტარები