გოკა გაბაშვილი: ქართულ ოცნებას ქალაქის განვითარების არანაირი გეგმა არ გააჩნია

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

"ევროპული საქართველოს" თბილისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა გოკა გაბაშვილმა, ტელეკომპანია იმედის ეთერში, თვითმართველობის არჩევნებსა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატზე, კახა კალაძეზე ისაუბრა.

"ქართულ ოცნებას ქალაქის განვითარებს არანაირი გეგმა არ გააჩნია. ეს სამი წელი ნარმანიას ხელში იყო დაკარგული დრო. ჩვენ ხომ ვნახეთ რითი დაიწყო მან - მშვიდობის ხიდს მოვანგრევ, დავანგრევ, რაღაცას გავაკეთებ. ამოქმედებული პროექტების ხელშეკრულებები გააჩერეს, რომლებიც მართლა განტვირთავდა ქალაქს, ხიდების და მეტროსადგურების მშენებლობა გააჩერეს, სატვირთო რკინიგზის გადატანის პროექტი გააჩერეს, ანუ იყო ბრძოლა საკუთარ თავთან აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი და აბსოლუტურად უკონცეფციო."- თქვა გაბაშვილმა.

გაბაშვილისვე თქმით, კახა კალაძეს თბილის იქნება კორუფციით, ნეპოტიზმითა და უსაქმურობით სავსე ქალაქი.

"ახლა ჩვენ გვინდა, რომ კახა კალაძეს ჰქონდეს რამე კონცეფცია? კაცი, რომელიც მოვიდა ენერგეტიკის სამინისტროში და ყველაზე მომგებიანი სფერო საქართველოში, სფერო სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია იდებოდა, სფერო, სადაც საქართველო ექსპორტიორი იყო ელექტროენერგიის, გახდა ისევ ელექტროენერგიის შემსყიდველი, გახდა ისევ დამოკიდებული სხვაზე და სფერო, სადაც ინვესტიციები შემცირდა დრამატულად. საქართველოს ეკონომიკის წამყვან სფეროში ამ მინისტრმა მოახერხა სამი წლის განმავლობაში გაეხადა სფერო ინვესტიციებისთვის უინტერესო. ოქრო ჩააბარეს ხელში ჰიდრორესურსების სახით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სახით, ამოქმედებული პროექტების სახით და ეს ყველაფერი გაჩერდა. კალაძის მინისტრობის მერე, დარჩა ქვეყანას გაზპრომთან ხელშეკრულება რომელიც ვერ გავიგეთ რატომ არის გაფორმებული, რამდენზეა ან როგორ არის გაფორმებული. კახი კალაძეს ხელში თბილისი იქნება არა სიცოცხლის ქალაქი, არამედ თბილისი იქნება კორუფციით, ნეპოტიზმით, უსაქმურობით და საკუთარ ნათესავებზე ზრუნვით სავსე ქალაქი." - განაცხადა "ევროპული საქართველოს" სიის პირველმა ნომერმა. 

კომენტარები