საბავშვო ბაღები

206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბაღების მართვის სააგენტო

206-ე საჯარო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ჩემი მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, დღესვე თანამდებობიდან გათავისუფლდებიან აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე", - აცხადებს ბაღების სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა.

ტაბულა დაინტერესდა გათავისუფლება არის თუ არა დროებითი და შესაძლოა თუ არა გამოძიების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღის თანამშრომლები თანამდებობეზე დააბრუნონ. ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გათავისუფლება დროებითი არ არის.

თბილისის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს, 25 სექტემბერს გადმოვარდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმები აქვს. სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.

ბაღის დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელი "ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა".

"ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. დამაკმაყოფილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობა, აგერ ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ და მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა", - ამბობს გოგოლაძე რუსთავი 2-თან.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა ტაბულასთან ამბობს, რომ ბავშვის გადმოვარდნის, ასევე დირექტორის განხადებასთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება იქნება.

თბილისის მერმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ბავშვის ფანჯრიდან გადმოვარდნის დროს სასწავლო პროცესს ზედამხედველობდნენ.

კომენტარები