მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე

კომერციულ ბანკებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობა აღარ აეკრძალებათ

parliament.ge

პარლამენტმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა ასევე არ შეეხება ”განსაკუთრებულ შემთხვევებს”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება. 

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში უკვე პირველი მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გასხვისების მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, ბანკებს ექნებათ უფლება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ. 

შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე აბსოლუტური მორატორიუმი დააწესა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა. 

დღევანდელი ცვლილებით ქართულმა ოცნებამ თავისივე დაშვებული შეცდომის გამოსწორება სცადა, ვინაიდან აბსოლუტურმა მორატორიუმმა საქართველოს მოქალაქეებს უცხოელებზე მიწის გასხვისების უფლება წაართვა. მორატორიუმმა პრობლემები ასევე შეუქმნა ფერმერებს, ვინაიდან მათ კრედიტების მიწის უზრუნველყოფით მოზიდვა გაურთულა. 

კომენტარები