მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე

სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე მორატორიუმის პირობები იცვლება

moa.gov.ge

2014 წლის 31 დეკემბრამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობები იცვლება. ახალი პირობების მიხედვით, მორატორიუმი აღარ გავრცელდება კომერციული ბანკების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე და ასევე, დადგინდება ე.წ. განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მთავრობა გადაწყვეტს, ვის ექნება სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება და ვის - არა.

კანონპროექტი ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია. "კომერციული ბანკების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენასთან. კანონით დადგენილი დროებითი მორატორიუმი კი, შეაფერხებს ამ პერიოდში მითითებული პროცესის წარმართვას და ამდენად, კომერციული ბანკების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ამასთან, შესაძლოა, წარმოიშვას ისეთი შემთხვევები, რომელთა არსებობისას, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება გადაწყვეტილების მიღება მორატორიუმის შესაბამის სუბიექტზე გაუვრცელებლობის თაობაზე", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ე.წ. განსაკუთრებული შემთხვევების ფარგლებში, დაინტერესებული პირი დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, რომელიც გათვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს, დაადგენს რამდენად დასაბუთებულია აუცილებლობა და საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.

უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა. მათ მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, მთავრობამ 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება.

ამავე ვადაში, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, საქართველოში მიწის შეძენა არ შეეძლოთ. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი დისკრიმინაციულად ცნო და საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა უცხოელებზე საქართველოს მიწის გაყიდვის შესახებ გააუქმა.

კომენტარები