თხილის ექსპორტი

ფაროსანამ თხილის ექსპორტი 60%-ით შეამცირა

flickr.com

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე $36 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, რაც 2016 წელთან შედარებით მთელი 60%-ით ($54 მილიონით) ნაკლებია.

თხილის ექსპორტის შემცირების უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში აზიური ფაროსანას ეპიდემიური გავრცელებაა. დასავლეთ საქართველოში ათობით ჰექტარზე მავნებელმა ნარგავები თითქმის სრულად გაანადგურა, რის გამოც თხილისა და სიმინდის მოსავალი 2/3-ით შემცირდა.

სამეგრელოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ მავნებელს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდნენ. მოსახლეობა ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვს. 

როგორ ვრცელდება და რას აზიანებს აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეთა 300-მდე სახეობას ანადგურებს, როგორც თხილს, ასევე სხვა თესლოვან და კურკოვან ხეხილს, კენკრას, ბოსტნეულ კულტურებს. განსაკუთრებულ ზიანს ატამს, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს აყენებს.

მწერები საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდნენ და წელს გავრცელების უწინდელზე გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინეს. მავნებელი სწრაფად მრავლდება - 1 მწერი დაახლოებით 200 კვერცხს დებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან გამრავლებას იწყებს. 4-5 დღეში მოწითალო მატლები ჩნდებიან, მალევე კი 12-17 მილიმეტრის სიგრძის განიერ, ყავისფერ მავნებლებად იქცევიან.

როგორ ებრძვის მავნებელს მოსახლეობა

გურიასა და სამეგრელოში ფართობები სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით ერთხელ შეიწამლა. მოსახლეობა მავნებელს საკუთარი ძალებითაც ებრძვის, თუმცა, უშედეგოდ. მოსახლეობის ნაწილი, რომელთათვისაც თხილი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მოსავლის გარეშე დარჩა.

ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ირაკლი კაკულია ტაბულას ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ ცდა არ დააკლო, მაგრამ მოსავალი მაინც გაუნადგურდა. კაკულიამ წინა წლებში 7-8 ტონა თხილი აიღო, წელს კი მხოლოდ 200 კილოს შეგროვება შეძლო.

უფრო ვრცლად ფაროსანას შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე.

კომენტარები