დონალდ ტრამპის გამოსვლა გაეროში

გაეროში დონალდ ტრამპის გამოსვლის მთავარი თემები და საპასუხო რეაქციები

CNN

გუშინ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე თავის პირველ გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. მათ შორის აღსანიშნავია განცხადებები ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სირიის, ვენესუელისა და კუბას შესახებ. ტრამპის განცხადებებს საპასუხო კრიტიკაც მოჰყვა ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან.

დონალდ ტრამპმა მთავარი აქცენტი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი გაიზრდება, თუმცა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ "აშშ ერთია გაეროს წევრ 193 ქვეყანას შორის და მიუხედავად ამისა ის მთლიანი ბიუჯეტის 22%-ზე მეტს იხდის." მისი თქმით გაერო რომ აღწევდეს ყველა თავის მიზანს, მათ შორის საერთაშორისო მშვიდობის დამყარებას, მაშინ ეს მისაღები იქნებოდა და იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც გაერო უფრო ეფექტური იქნება ადამიანის ღირსების და თავისუფლების დაცვაში მსოფლიოს გარშემო. ტრამპის თქმით არც ერთ ქვეყანას არ უნდა დაეკისროს არაპროპორციული ტვირთი სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით და მოუწოდა ქვეყნებს გაზარდონ როლი საკუთარ რეგიონებში სტაბილურბის დასამყარებაში. მისი თქმით სწორედ ამას ემსახურება ამერიკის მიერ კუბაზე და ვენესუელაზე დაწესებული სანქციები და აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ამ ქვეყნების მოსახლეობის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. ტრამპის თქმით ამერიკა არ მოუხსნის კუბას სანქციებს მანამ, სანამ ქვეყანა ფუნდამენტურ რეფორმებს არ განახორციელებს.

ტრამპის ამ განცხადებას კუბამ "უპატივცემულო და მიუღებელი" უწოდა და ქვეყნის საქმეებში ჩარევად მიაჩნია.

ტრამპმა ისაუბრა ვენესუელაზეც, სადაც, მისი თქმით მადუროს სოციალისტურმა რეჟიმმა ერთ დროს აყვავებული ქვეყანა დააქცია და საკუთარ მოსახლეობას უკიდურეს გაიჭირვებაში აცხოვრებს. ტრამპის აზრით "პრობლემა ვენესუელაში არის არა ის, რომ სოციალიზმი არასწორად დანერგეს, არამედ ის, რომ სოციალიზმი სწორად დანერგეს" რადგან აშშ-ის პრეზიდენტის აზრით ამ წარუმატებელმა იდეოლოგიამ შექმნა სიღატაკე და ტანჯვა ყველგან, სადაც სცადეს. ტრამპის თქმით აშშ მზადაა განახორციელოს დამატებითი ქმედებები თუ ვენესუელის მთავრობა გააგრძელებს საკუთარ ხალხზე ავტორიტარული მმართველობის თავს მოხვევას.

მის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს ვენესუელის და ბოლივიის პრეზიდენტებმა. ნიკოლას მადურომ ტრამპს საერთაშორისო პოლიტიკის "ახალი ჰიტლერი" უწოდა. "მაგნატს ჰგონია, რომ ის ფლობს მთელ მსოფლიოს, მაგრამ არავინ აშინებს ვენესუელას." თქვა მადურომ, რომელიც გაეროს სხდომას არ დასწრებია. ვენესუელის საგარეოს საქმეთა მინისტრის თქმით "ტრამპი მსოფლიოს პრეზიდენტი არ არის, მას საკუთარი მთავრობის მართვაც კი არ შეუძლია." ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა "არ მიკვირს, რომ ისეთი მულტი-მილიონერი, როგორიც ტრამპია თავს ესხმის სოციალიზმს. ჩვენი ბრძოლა ყოველთვის იქნება იდეოლოგიური და პრაგმატული."

ტრამპის მთავარი მესიჯი მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმართული იყო ტერორიზმის და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ. მან რუსეთი და ჩინეთი პირდაპირ მხოლოდ ერთხელ ახსენა, როდესაც მათ მადლობა გადაუხადა უკანასკნელი სანქციების მხარდაჭერისათვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მხრივ მეტია გასაკეთბელი. ტრამპის გამოსვლაში იყო არა-პირდაპირი მესიჯებიც ამ ქვეყნებისადმი. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩვენ უნდა უარვყოთ უკრაინასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სუვერენიტეტის საფრთხეები" და ასევე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონის უხეში დარღვევაა ის, რომ ზოგიერთი სახელმწიფო მსგავს რეჟიმთან არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობაშია, არამედ ამარაგებს სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით იმ ქვეყანას, რომელიც მთელ მსოფლიოს ატომური კონფლიქტის საფრთხის ქვეშ აყენებს."

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ტრამპა ასევე თქვა, რომ "ამერიკას აქვს დიდი ძალა და მოთმინება, მაგრამ თუ იძულებული ვიქნებით დავიცვათ თავი და ჩვენი მოკავშირეები სხვა გზა არ გვექნება ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურების გარდა." მისი თქმით აშშ მზადაა ამ ვარიანტისათვის, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.

სხდომის გახსნისას გაკეთებულ გამოსვლაში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ ფიცხ საუბარს "ფატალურ გაუგებრობამდე" მივყავართ და "როდესაც დაძაბულობა იმატებს ასევე იზრდება არასწორი გათვლების რისკიც."

ავტორიტარულ რეჟიმებზე საუბრის ფარგლებში ტრამპი ირანსაც გადასწვდა. მისი თქმით ირანის მთავრობა დემოკრატიის ცრუ საფარქვეშ მალავს კორუმპირებულ დიქტატურას და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის მდიდარი რესურსები მის მოსახლეობას მოახმაროს აფინანსებს ტერორისტებს, მათ შორის ჰეზბოლას, რომლებიც თავს ესხმიან მის მშვიდობიან არაბ მეზობლებს და ისრაელს. ტრამპის თქმით ირანი ასევე აფინანსებს სირიაში ბაშარ ალ-ასადის დიქტატურას და აღვივებს იემენის სამოქალაქო ომს.

"ჩვენ ვერ დავემორჩილებით ისეთ შეთანხმებას, რომელიც ატომური პროგრამის განვითარებას უქმნის საფარს" განაცხადა ტრამპმა ირანის ატომური შეთანხმების შესახებ, რომელიც მისი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ცალმხრივი ტრანზაქციაა, რაშიც აშშ ოდესმე შესულა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ "ტრამპის გაუცნობიერებელი სიძულვილის შემცველი გამოსვლა შუა საუკუნეებს ეკუთვნის" და არა გაეროს. ასამბლეის წინაშე გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაიცვა ირანის ატომური შეთანხმება და თქვა, რომ მასზე უარის თქმა დიდი შეცდომა იქნება. "ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის აზრით ეს შეთანხმება არ არის იდეალური და არ იცავს საკმარისად არის არგუმენტი, რომლის მიღებაც შემიძლია, მაგრამ მე ვკითხე მას რა ალტერნატივას გვთავაზობს. მე ვერ გავიგე ეს (ალტერნატივა)." უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს. მაკრონის აზრით სირიის პრობლემის გადაჭრა მოლაპარაკებების მაგიდაზე ირანის ყოფნის გარეშე შეუძლებელია, რადგან ის ამჟამად ფლობს დიდ გავლენას რეგიონში.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა ტრამპის განცხადებებს ირანთან დაკავშირებით და Twitter-ზე დაწერა "გაეროში ჩემი 30 წლიანი გამოცდილების მანძილზე არასდროს მომისმენია ასეთი გაბედული გამოსვლა."

ტრამპი ასევე შეეხო მიგრანტების კრიზისსაც და მადლობა გადაუხადა თურქეთს, ლიბანს და იორდანიას მათი შეფარებისათვის. მისი თქმით ამერიკაში ერთი მიგრანტის შეფარების ფასად შესაძლებელია 10 მიგრანტის დასახლება მათსავე რეგიონში, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სწორედ ეს მიდგომაა სწორი სტრატეგია და ამიტომ ამერიკა სთავაზობს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებს, ვინც ამის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით უკონტროლო მიგრაცია აზარალებს იმ ქვეყანას, საიდანაც ხდება მიგრანტების გადინება, რადგან იქ აღარ რჩება ძალა, რომელიც მოითხოვს და ხელს შეუწყობს რეფორმების განხორციელებას და ასევე მიმღებ ქვეყანასაც, სადაც ეს აზარალებს დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ "როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ის ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს" და აღარ განახორციელებს ცალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-სათვის არაფრის მომტანია. ტრამპის თქმით ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამერიკამ მიიღოს სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებები და მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს კოოპერაციას სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში იფიქრებს ამერიკის მოქალაქეების წინაშე თავის მოვალეობაზე.

კომენტარები