ჩუგოშვილი: პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს საკონსტიტუციო პროცესის დასაზიანებლად

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ ერთობლივი შენიშვნების შემუშავებას ეხმაურება, მას არასერიოზულად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება. 

„პრეზიდენტს რაც შეეხება, მისი დამოკიდებულება გასაგებია პროცესის მიმართ. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს და დააზიანოს პროცესი. სარედაქციო ტიპის ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება. რაც შეეხება დანარჩენს, დიდწილად იქნება დამოკიდებული ვენეციის კომისიის შეფასებაზე,“- თქვა თამარ ჩუგოშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას. 

ოპოზიციასთან ერთად კონსტიტუციის შესახებ შემუშავებული შენიშვნების პროექტი საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას, ასევე ვენეციის კომისიას გუშინ გადაუგზავნა. 

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.  

კომენტარები