უდუმაშვილი: ქართუ ბანკი არის ქაჯეთის ციხე და ბოროტების სიმბოლო

rustavi2.ge

ბანკი ქართუს ცენტრალურ ოფისთან, ნაციონალურ მოძრაობასა და სამართალდამცველებს შორის, დაპირისპირება მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ქართუ ბანკს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პოლიციასთან დაპირისპირება სიმართლის პლაკატების „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“ გაკვრას მოჰყვა.

“ეს იყო ჩვენი მშვიდობიანი აქცია, რომელიც დავიწყეთ ქართუ ბანკის შენობასთან. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც კედლებზე დავიწყეთ სიმართლის პლაკატების გაკვრა - „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“. ამას მოჰყვა ხელისუფლების გაღიზიანება და შემდეგ დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან. ეს არ არის ბანკი, ამას ვერ დაუძახებ ბანკს, ეს არის ხარკის ამკრეფი ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვიურად საქართველოს მოსახლეობისგან კრეფს ხარკს, ერთი ადამიანის გასამდიდრებლად. ეს არის შავი ფულის სარეცხი მანქანა ივანიშვილის ხელში, რომელსაც შესდის ყოველთვიურად მილიონები და ამ მილიონებს რას ახმარს - ხელისუფლების წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და ა.შ. ეს ხდება ჩვენი და ჩვენი შვილების ხარჯზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილების გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდეს ერთი ადამიანი” - განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

“ეს ორგანიზაცია დღეს არის ბოროტების სიმბოლო, ჩვეულებრივი ქაჯეთის ციხეა საქართველოში და სწორედ ამიტომ ჩვენ პერმანენტულად მოვალთ ამ ორგანიზაციასთნ და გავმართავთ ძალიან მასშტაბურ აქციებს, რათა შეწყვიტონ ხალხის ძარცვა”- თქვა უდუმაშვილმა.

კომენტარები