ბარაკ ობამა

ობამას პოსტი შარლოტსვილზე ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე მეტი ლაიქის მქონე Tweet-ია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა 13 აგვისტოს შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების აქციას Twitter-ის პოსტით გამოეხმაურა და მისი პოსტი, ოფიციალურად, ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე მეტი ლაიქის მქონე Tweet-ია.

ობამამ ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიული წიგნიდან "გრძელი გზა თავისუფლებამდე" ერთერთი ცნობილი ფრაზა დაპოსტა. 

"არავინ იბადება კანის ფერის, წარსულისა თუ რელიგიის გამო ვიღაცისადმი სიძულვილით".

ობამას პოსტი კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე რეზონანსული, მაშინ როცა მოქმედი პრეზიდენტის "რა სამწუხაროა" პოსტი ჩავარდა. 

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა და ნეო-ნაცისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გენერალი რობერტ ედვარდ ლის ქანდაკების აღების გეგმას აპროტესტებდნენ. რობერტ ედვარდ ლი ამერიკის სამოქალაქო ომში მონობის მომხრე, კონფედერაციული ძალების გენერალი იყო. ულტრანაციონალისტების მსვლელობის გასაპროტესტებლად კი ქუჩაში ანტი-რასისტული ჯგუფები გამოვიდნენ, რასაც მხარეებს შორის შეტაკება მოყვა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.

ბარაკ ობამას ამ პოსტს ამ დროისთვის 4 500 000-ზე მეტი ლაიქი აქვს, რითიც არიანა გრანდეს პოსტს გადაასწრო, რომელიც მომღერალმა მაშინ გამოაქვეყნა, როცა 23 მაისს მანჩესტერში მის კონცერტზე ტერორისტული აქტი განხორციელდა. 

"გულგატეხილი ვარ. მთელი გულით ვწუხვარ. სიტყვები არ მყოფნის,"- გრანდეს ამ პოსტს 2 600 000-ზე მეტი ლაიქი ჰქონდა და ობამას პოსტამდე ყველაზე მეტი ლაიქის მქონე პოსტის სტატუსს ინარჩუნებდა. 

კომენტარები