არჩევნები 2017

კალაძე: ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე

Kakha Kaladze/Fb.com

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა - თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე.

კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა.

„ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე” - თქვა კალაძემ.

კალაძემ ამ კონტექსტში განახლებული აღმაშენებლის მაგალითი განიხილა.

„მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა,” - თქვა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა.

დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, რაც ქართული ოცნების დამსახურებაა.

კალაძემ ისაუბრა ეკოლოგიასა და სკვერებზეც.

„ეს საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში, უზრუნველვყოფთ ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებას. განხორციელდება „მუშტაიდის ბაღი“-ს სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს 1400-მდე სკვერისა და პარკის მოვლას. ასევე რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი და შეიქმნება ახალი მწვანე ზონები,” - თქვა კანდიდატმა.

კომენტარები