მიხეილ სააკაშვილი

აუშტრევიჩიუსი: რა მეთოდითაც სააკაშვილი უკრაინაში მოხვდა, ბევრს ამბობს მის კარიერაზე

EPA

ლიტველი ევროპარლამენტარის პეტრას აუშტრევიჩიუსის შეფასებით, "მეთოდი, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში მოხვდა, ბევრს ამბობს მის პოლიტიკურ კარიერაზე". მისივე თქმით, ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამართლიან და სწრაფ გადაწყვეტილებას ელოდება. 

“მე არ ვადანაშაულებ სააკაშვილს და არ ვთვლი მას ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებლად, მაგრამ როდესაც შენს ხალხს მიმართავ და დიდი მასის ნაწილი ხდები, მათი ქმედების კონტროლი უკვე შეუძლებელი ხდება. ჩვეულებრივ, პოლიტიკოსებისთვის ძალიან საშიშია ჯერ ხალხით აპელირება, შემდეგ კი ამ ხალხის ქმედების მონაწილედ ყოფნა. მეთოდი, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში მოხვდა, ბევრს ამბობს მის პოლიტიკურ კარიერაზე.

ევროკავშირიდან სააკაშვილის მიმართ ინტერესს ვერ ვხედავ. მათ არ უნდათ ამ სიტუაციაში გარევა. ევროკავშირი სააკაშვილის შესახებ სამართლიან და სწრაფ გადაწყვეტილებას ელოდება. ახლა ჯერი სასამართლოზეა და უკრაინას აქვს შესაძლებლობა, დაამტკიცოს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესია" - ამბობს აუშტრევიჩიუსი დოიჩე ველესთან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აპირებს სააკაშვილისა და სხვა უკრაინელი პოლიტიკოსების შუამავალი გახდეს.

კითხვაზე, რა მოხდებოდა ლიტვის საზღვარზე ანალოგიური შემთხვევის დროს, აუშტრევიჩიუსი პასუხობს - “ჩვენთანაც არის მცდელობები, როცა არალეგალი მიგრანტები საზღვრის გადმოკვეთას ცდილობენ. ეს, ძირითადად, ღამით ხდება, ხოლმე და, რა თქმა უნდა, დანაშაულად ითვლება. ამ ხალხს, როგორც წესი, კანონდარღვევისთვის აპატიმრებენ.“

ევროდეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უკრაინამ თავისი საზღვრები უნდა აკონტროლოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც საზღვარს გადაკვეთს, ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენატაცია და გაიაროს იდენტიფიკაციის პროცედურა. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი, უკრაინის ტერიტორიაზე მოხვედრა.

კვირას, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. ლვოვის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები