არჩევნები 2017

აბესაძე: ბაღდათში ჩვენი სააგიტაციო მასალები გამგეობის გადაწყვეტილებით დააზიანეს

ბაღდათში, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს. პარტიის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ბაღდათის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ამბერტი რობაქიძემ საკუთარ თანამშრომელს დაავალა "ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატების დაზიანება. ირაკლი აბესაძე მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. 


"ქართული ოცნება აგრძელებს ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავ, თავხედურ გამოყენებას და ხელის შეშლას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ოპოზიციური პარტიების, კერძოდ, “ევროპული საქართველოს“ მისამართით.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაღდათში სწორედ გამგეობის გადაწყვეტილებით, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ამბერტი რობაქიძის დავალებით, დაიწყო ქალაქში ევროპული საქართველოს საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რაც არის "საარჩევნო კოდექსის“ უხეში დარღვევა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას - როგორც ჯარიმის სახით, ასევე, უნდა დადგეს ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმისთვის, რომ ეს იყოს მაგალითი ყველა საჯარო მოხელისთვის.

ეს არის ძალიან უხეში კანონდარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავი გამოყენება და ეს არის პირდაპირი ხელისშეშლა ოპოზიციური პარტიისთვის, განახორციელოს საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანების მხრივ ქალაქი ბაღდათი გამონაკლისი შემთხევევა არ არის

"მთელი საქრთველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხდება ჩვენი სააგიტაციო მასალის დაზიანება, თუმცა, ფაქტის ამსახველი მასალა ბაღდათის შემთხვევაში გვაქვს" - თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა.

კომენტარები