მიხეილ სააკაშვილი

გია ნოდია სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე

რა მოიგო მიშამ წუხანდელი გარღვევით? აჩვენა, რომ თამაშშია, რომ ფიგურაა, რომ მარტო კი არ არის“საკუთარ“ ორ პროცენტთან ერთად, არამედ სხვა სერიოზული ოპოზიციური ფიგურებიც მის გვერდით დგანან. განსაკუთრებით ტიმოშენკო, რომლის პარტია მიშასაზე ბევრად უფრო ძლიერია - უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. ამ განლაგებაში, ტიმოშენკო რომ ფიზიკურად შენს გვერდით დადგა, ესე იგი სერიოზულ მოთამაშედ რჩები. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინაში მარგინალიზაციის საფრთხე ჰქონდა და ამ ეტაპზე ეს საფრთხე გადალახა. სულ მცირე, უკრაინის მთავარი ნიუსმეიქერია, ამ ეტაპზე მაინც.

პარალელურად - როგორც ‘გვერდითი შედეგი’ - საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია. უდუმაშვილის წყალ-ღვინო კამპანიამ რაც ვერ ქნა, ერთ დღეში აანაზღაურა.

მაგრამ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანში როგორაა საქმე? კრაკოვეცის გარღვევა, სინამდვილეში, სასოწარკვეთის აქტი იყო, პოკერში რომ ბოლო ფული გაქვს და all-in-ს რომ შედიხარ. ამ ეტაპზე მოიგე, თამაშში დარჩი, მაგრამ ამის შემდეგ როგორ უნდა ამოქაჩო? ფაქტია, რომ მოხდა საზღვრის მასობრივი უკანონო და ძალადობრივი გადაკვეთა. თუ მიშას მოქალაქეობა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით წაართვეს, ახლა პოროშენკოს სამართლებრივად რეალური კოზირი გაუჩნდა, რომელზეც ვერ შეედავები. როგორ გამოიყენებს, სხვა საკითხია, უკრაინის პოლიტიკის და საზოგადოებრივი განწყობის ნიუანსებში უნდა ერკვეოდე, რასაც ვერ დავიკვეხნი. მაგრამ ადრე არ ჰქონდა პოროშენკოს ეს კოზირი, ახლა აქვს. რამდენი ხანი ივლის მიშა მომხრეებით გარშემორტყმული? ახლა მიშას სულ რევოლუციური სიტუაცია სჭირდება, პრინციპში, ახალი მაიდანი, მაგრამ არის ამის რესურსი და განწყობა უკრაინაში? მე რა ვიცი, მაგრამ მეეჭვება. მეორეს მხრივ, აქამდე არ მჯეროდა, რომ პოროშენკო ოდესმე გაბედავდა მიშას ბიძინასთვის გადმოცემას, ახლა უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ (ბიძინას კი არ გაეხარდება ეს, მაგრამ აწი უკან დასახევი აღარა აქვს). არ ვამბობ, რომ ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ ნოლი აღარ არის.

რეიტინგის და გაძლიერების თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში ვინ უფრო იხეირებს საზღვრის გადმოკვეთის პერფორმანსით - მიშა თუ ტიმოშენკო? თუ სულაც პოროშენკო, რომელიც ანარქიისგან და უკანონობისგან დამცველის მანტიას შემოისხამს (როგორც 2016-ის არჩევნების დროს ბიძინამ გააკეთა, ოღონდ ამის ნაკლები საფუძველი ჰქონდა), და შეშინებული ხალხი დაუჯერებს?

მიშას უკრაინელი და ქართველი მომხრეები წუხანდელის „პახმელიიდან“ რომ გამოვლენ, ამაზე მოუწევთ ფიქრი. თამაშის ფსონები აიწია, აზარტი მეტია, მეტია გაურკვევლობაც.

გია ნოდია ამას თავის facebook გვერდზე წერს

კომენტარები