მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მორჩა, მივდივართ კრაკოვეცში, უკრაინაში

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ, 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მივა და უკრაინაში შესვლას შეეცდება. სააკაშვილი Facebook-ზე ფოტოსაც აქვეყნებს წარწერით "მორჩა, მივდივართ კრაკოვეცში, უკრაინაში". 

"ის, ვისაც სროლა უნდა, წინასწარ ამას არ ამბობს. სპეციალურად ამბობენ, მათ შორის პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ, ასევე იქნებიან ევროპარლამენტარები და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატები,“ - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ უკრაინულ არხს.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს საზღვარზე მის შესაჩერებლად: "საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ბრონიტექნიკა, დააყენეს მავთულხლართები. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან".

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აშშ-ში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი მას შემდეგ, აშშ-ს გარდა, პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთში და დანიაში იმყოფებოდა.

 

კომენტარები