ქეთი დოლიძე: ჩემი მოხსნა ქართული ოცნებისთვის ზურგში ჩარტყმული დანაა

"ეს ყველაფერი არის ჩაწყობილი. ეს არის ზუსტად ქართული ოცნებისთვის ზურგში ჩარტყმული დანა", - ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ქეთი დოლიძე Facebook-ით აკრიტიკებს ყველას, ვინც მისი აზრით თეატრში ახალი ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით კი, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ქეთი დოლიძე არავის მოუხსნია. მინისტრმა აღნიშნა, რომ დოლიძეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ბოლომდე ამოწურა, რის შემდეგაც, კონკურსი ჩატარდა.

„ქეთი დოლიძე არავის  მოუხსნია და მისი გათავისუფლების ბრძანება არ დაწერილა. მან ბოლომდე მიიყვანა მისი თანამდებობისთვის განსაზღვრული ვადა. ხელმძღვანელობის დაუოკებელი სურვილი  ადამიანებს ალაპარაკებს სიცრუეს და ამდენ შეურაცხყოფას აფრქვევს ყველას და ყველაფრის მისამართით. დასანანია, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სახეს" - თქვა მიხეილ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ თუმანიშვილის თეატრში სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში სრული ქაოსია.

"სრული არეულობაა საბიღალტრო აღრიცხვის ნაწილში, მათ შორის, საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლები სახაზინო ანგარიშებზე არ ასახულა და ძალიან ბევრი დეტალია. შეუსაბამობაა თეატრის პროექტების და არსებული რესურსის დაგეგმვაში, როდესაც ასევე რესურსის ფარგლების ცოდნის პირობებშიც კი ისეთ ვალდებულებებს იღებს თეატრი თავის თავზე, რომელიც წინასწარ არის ცნობილი რომ განუხორციელებელია. აქედან გამომდინარე ჩნდება პრობლემა და უხერხულობები“, - განაცხადა გიორგაძემ პირველი არხის ინფორმაციით და აღნიშნა, რომ მეორე წელია, ქეთი დოლიძე "დესტრუქციულ განცხადებებს" აკეთებს კულტურის სამინისტროს და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას არ ეთანხმებიან. 

ცნობისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე დანიშნა. ის სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსში მონაწილეობდა.

თავად ქეთი დოლიძე გადაწყვეტილებას აპროტესტებს და გიორგი სიხარულიძის მხარდამჭერებს მოღალატეებს უწოდებს, მათ შორის, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს. ასევე, მის გადაყენებაში პირადად კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს ადანაშაულებს.

კომენტარები