ბექა წიქარიშვილის საქმე

სასამართლო: ბექა წიქარიშვილმა მოინანია დანაშაული, მას 2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა

რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, კოლეგიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბექა წიქარიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული". წიქარიშვილს 3800-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ჯარიმამ 2000 ლარი შეადგინა.

"საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 69,5453 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რომელიც სამართალდამცველებმა პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს. შესაბამისად, მას ბრალად ედებოდა გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვაში, რაც (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბექა წ.-ს სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი (70 გრამამდე) ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის - შეძენა და შენახვისათვის ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბექა წ.-ის მიმართ გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) გადააკვალიფიცირა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვაზე (საქართველოს სს კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი) და სასჯელის სახედ დაუნიშნა ჯარიმა 3800 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მას დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“, -  აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. 

კომენტარები