ხანძარი აბასთუმანში

შს მინისტრი: აბასთუმნის ხანძრის ჩასაქრობად, რუსეთისთვის დახმარება არ გვითხოვია

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით საქართველომ სხვა ქვეყნებს მიმართა, თუმცა, მათ შორის, რუსეთი არ არის. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოს ავიაციით ეხმარება უკრაინა.

„სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე“, - თქვა გიორგი მღებრიშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

კითხვაზე, არის თუ არა იმ ქვეყნებს შორის რუსეთი, ვისაც დახმარების თხოვნა გაუგზავნეს, შს მინისტრი პასუხობს, რომ "არა".

აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აბასთუმნის ტყეში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.

ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს ერთი ვერტმფრენი და 1000-მდე ცოცხალი ძალა. ელოდებიან დამატებით ბრიგადებს.

კომენტარები