ტრანსპორტი

ათასობით ავტომობილში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის დაყენება სავალდებულო ხდება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება ნომერი 400, რომლის მიხედვითაც ათასობით ავტომფლობელს სიჩქარის შემზღუდავი სპეციალური მოწყობილობის დაყენების ვალდებულება უჩნდება.

ცვლილება ეხება მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს, ასევე სატვირთო მანქანებს. ამ ავტომობილების ძრავებზე დამონტაჟდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც დადგენილზე (100 და 90 კმ/სთ) სწრაფად მოძრაობას შეუძლებელს გახდის. ამ მოწყობილობის შედეგად ავტომობილს უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება მექანიკურად შეეზღუდება. ხელსაწყოს ღირებულების საფასურის გადახდა ავტომფლობელებს მოუწევთ.

მთავრობის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, 8-ზე მეტ ადგილიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მესაკუთრეებს მოუწევთ დააყენონ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მათი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მექანიკურად, მაქსიმუმ 100 კმ/სთ-მდე შეზღუდავს. 

3.5 ტონაზე მძიმე სატვირთო მანქანებისთვის კი სიჩქარის ლიმიტად 90 კმ/სთ განისაზღვრა. 

ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ავტობუსების/მიკროავტობუსებისა და სატვირთოებისთვის 2017 წლის 31 დეკემბერს შედის ძალაში. ადგილობრივ გადაზიდვებში ჩართული ავტომობილებისთვის კი მისი ძალაში შესვლის თარიღი 2020 წლის პირველი სექტემბერია.

მთავრობის შეფასებით, ცვლილება ქვეყანაში მგზავრებისა და ტვირთების გადაადგულებას ბევრად უსაფრთხოს გახდის. დადგენილების მიხედვით, მის მიღებას საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებდა. 

დოკუმენტის მიხედვით ცვლილების დადებითი ეფექტები ასე გამოიყრება:

  • "ხელს შეუწყობს საწვავის ხარჯისა და მუხრუჭების და საბურავების ცვეთის შემცირებას."
  • "ხელს შეუწყობს ძრავის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას"
  • "სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ეკონომიკური მაჩვენებლების  გაუმჯობესებას"

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შსს და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იქნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 53 ათასი სამგზავრო ავტომობილი და 100 ათასი სატვირთო ავტომობილი.

კომენტარები