გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან შეხვედრაზე ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ ირანი ცდილობს სირიაში პოზიციები იარაღის დასამზადებლად გამოიყენოს, რომელსაც შემდგომ ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს.
ირანი მხარს უჭერს სირიაში ჰესბოლას ძალებს, რომლებიც თავისმხრივ ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.
ნეთანიაჰუს განცხადებით ირანი მსგავსი მიზნებისათვის სირიასთან ერთად ლიბანსაც იყენებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ამას ვერ შეეგუება და გაერომაც უნდა გაიზიაროს მათი პოზიცია.
პრემიერმინისტრის შეფასებით, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე გაზრდილი ირანული გავლენა შეშფოთებას იწვევს. აგვისტოს დასაწყისში ისრაელის მედიაში გავრცელდა სატელიტური სურათები, სადაც მათი მტკიცებით ასახულია ჩრდილო-დასავლეთ სირიაში არსებული ირანული რაკეტების სათავსოები.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ისრაელში კვირას სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის განხილვა და ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.





