ფიტარეთი

კულტურის მინისტრი: ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია

საყდრისის დაცვის კომიტეტი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ფიტარეთში ოქროს მოპოვების სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ გარემოზე ზემოქმედების შესახებ სრულყოფილი დასკვნა მზად იქნება. მისი მტკიცებით, “ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია". კულტურის მინისტრის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნის მომზადებამდე, სამუშაოებზე რაიმე საუბარი არც შეიძლება იყოს.

საყდრისის კომიტეტის წევრების მტკიცებით კი, ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-მა დააზიანა. საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის თქმით, 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე გამოჩნდა RMG Gold-ის ტრაქტორი და გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ბურჭულაძის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა ვიბრაცია გამოიწვია და მონასტრის მარჯვენა გალავანი დააზიანა, "ასევე, ჩამოცვივდა ქვები. დაზიანდა მეცნიერულად შეუსწავლელი ისტორიული ხარო, რომელსაც სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს აკლდამად".


ფოტო: საყდრისის დაცვის კომიტეტი
საყდრისის დაცვის კომიტეტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მიმართა, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების კანონიერებით დაინტერესდეს. 

კომპანია RMG Gold-ის მტკიცებით კი, საყდრისის კომიტეტის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის განცხადებით, "მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი".

კომენტარები