სოფლის მეურნეობა

ფერმებმა სახელმწიფოს ქათამზე 5 თეთრი უნდა გადაუხადონ - ადგილობრივი ხორცი გაძვირდება

Reuters

24 აგვისტოდან ფერმებს სურსათის უვნებლობის ახალი ტარიფები დაუდგინდათ, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებმა პროდუქციის უნვებლობის სერტიფიკატის, ფორმა 2-ის აღებისთვის სურსათის ეროვნულ სააგენტოს თითოეულ ქათამზე 5 თეთრი უნდა გადაუხადონ. ცვლილებას ქათმის ადგილობრივი მწარმოებლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ის პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

ქვეყანაში მეფრინველეობის ხორცპროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია "ჩირინას" დირექტორი რევაზ ვაშაკიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მათთვის საერთოდ გაუგებარია რატომ უწესებს მთავრობა ამ გადასახადს. ვაშაკიძის თქმით, მათ აქვთ მიღებული ISO და HACCP (Hazard Analysis Critical Control Point) სერტიფიკატები და აკმაყოფილებენ ევროკავშირის ყველა ნორმებსა და მოთხოვნებს.

"ჩვენ რაში ვიხდით ფულს ეს გაუგებარია, ჩვენ გვაქვს ISO და HACCP სერთიფიკატი და ყველაფერი რაც შეეხება ევროკავშირის ნორმებსა და მოთხოვნებს. ჩვენ უნდა ვუხადოთ სურსათის სააგენტოს 5 თეთრი. ეს დაახლოებით 600 000 ლარია გადასახდელი წლიურად.

ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს ჩადებული ამ საწარმოს აშენებაში აქ ამ ფორმა 2-ის აუცილებლობა საერთოდ არ არის. და ჩვენ ვართ აღიარებული სახელმწიფოს მიერ. გაუგებარია რაში ვიხდით თანხას", - ამბობს ვაშაკიძე. 

ვაშაკიძის თქმით, ფერმებისთვის ფორმა 2-ის დავალდებულება არასწორია, რადგანაც ეს შემოწმება სჭირდებათ მათ ვინც ხორცს სახლის პირობებში აწარმოებს. 

კომერსანტთან საუბარში მუხრანის ქათმის დირექტორი ელგუჯა ნოზაძე ამბობს, რომ მათ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მათ ულტიმატუმი წაუყენა:

"ჩვენ არ ვიყავით გაფრთხილებულები, გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაგვირეკეს და ულტიმატუმის წესით გაგვაფრთხილეს, რომ მათთან უნდა გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებს დაგვარიცხებდნენ. ეს არასწორი ნაბიჯია და ჩვენი მთავრობისგან სირცხვილია“ - აცხადებს ნოზაძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ არის მიმართული და მას ხორცის გაძვირება არ მოჰყვება. 

კომენტარები