სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტერიტორიის ერთ მონაკვეთზე ისევ ცეცხლი გაჩნდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტერიტორიის ერთ მონაკვეთზე ცეცხლი ისევ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ცნობით, ხელმეორედ აალება ქარმა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, სხვა მონაკვეთებზე ცეცხლი არ გაღვივებულა. ხელახლა გაჩენილი კერის ჩასაქრობად ვერტმფრენები იმუშავებენ.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. ამ დროისთვის ადგილზე 6 ვერტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი.

სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელარუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

კომენტარები