ილია II მრევლს და სასულიერო პირებს: გააძლიერეთ ლოცვა, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს და სასულიერო პირებს მოუწოდებს, მარიამობის მარხვაში ლოცვა გააძლიერონ. პატრიარქი ბორჯომში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა, განსაკუთრებით კი, ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც... 

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.

ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე...“

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“, - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში. 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა, ცდილობენ. ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის კერები რამდენჯერმე გაღვივდა და ცეცხლმა მოიმატა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველია ჩართული.

კომენტარები