გარემოს დაცვა: სტიქიის ზონის მიმდებარე სოფლებში ჰაერის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. მათ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა ჩაატარეს.

"კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა, ცდილობენ. ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის კერები რამდენჯერმე გაღვივდა და ცეცხლმა მოიმატა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველია ჩართული.

კომენტარები