მღებრიშვილი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე: მე, როგორც პოლიციელი, არაფერს გამოვრიცხავ

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა. ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.

"ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე როგორც ვერ გეტყვით, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, სრული ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შეგვეძლება ამ დეტალებზე საუბარი" - თქვა შს მინისტრმა.

კითხვაზე, "გამორიცხავთ, რომ ხელოვნურად გააჩინეს ხანძარი?", გიორგი მღებრიშვილი პასუხობს, რომ "მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ".

ბორჯომის ხეობაში ხანძარი კვირას გაჩნდა.  ორშაბათს ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად ხუთი ვერტმფრენი მუშაობს. კიდევ ელოდებიან თურქეთის სახანძრო თვითმფრინავს და ბელარუსის გამოგზავნილ ვერტმფრენს, რომელიც სტიქიის ზონაში რამდენიმე საათში ჩავა.

ბოლო დღეებში, ხანძარი ასევე გაჩნდა ატენის ხეობაში, სურამში, ჟინვალში, თიანეთში, გლდანში, ლისის ტბაზე, ისნის ბაზრობასა და ამბროლაურში.

კომენტარები