ტერაქტი ბარსელონაში

მარგველაშვილი: შეძრწუნებული ვარ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.

"შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ. ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის პოლიციის განცხადებით, ბარსელონაში მომხდარი თავდასხმას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ნაწილის ცნობით კი, ტერაქტს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები