ლატარია

ბულგარეთის ლატარიის კომპანია ახალ ლატარიის კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს

safebee.com

სექტემბრიდან საქართველოში ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს. სახელმწიფოს მმართველობაში არსებული "საქართველოს ლატარიის კომპანია" კი არსებობას შეწყვეტს.

ლატარიის ორგანიზების ლიცენზია ფინანსთა სამინისტრომ მომდევნო 10 წლით კომპანია "ჯი ენ ელს" გადასცა. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს კომპანია "ნიუ გეიმსი" რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია.

"ჯი ენ ელის" 75%-იან წილს კი ფლობს კომპანია "ვინ" მისი 100%-ის მფლობელი საჯარო რეესტრის მონაცემებით კობა ღურწკაიაა.

რატომ იხურება არსებული ლატარიის კომპანია

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ", ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას ბიუჯეტის წინაშე ათობით მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა. სახელმწიფოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკუთვნის, რის გაყიდვასაც ის 2016 წელს ცდილობდა, თუმცა ვალებით დამძიმებული კომპანიის ყიდვაზე ინვესტორებმა უარი თქვეს. საბოლოოდ კი 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც საბოლოოდ "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერიმ" გაიმარჯვა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია უკვე წლებია გადასახადებს თავს არიდებს და ამავდროულად წაგებაზე მუშაობს. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ლატარიის კომპანიის პრივატიზაცია გადაწყვიტა, მაშინ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი ათას ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა ვალებით დამძიმებული კომპანიის შეძენა არავინ მოისურვა. 2016 წლის 11 თებერვალს სახელმწიფომ აუცქიონი შეაჩერა. 

კომპანიას სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 200-მილიონიანი დავალიანება აქვს.

კომენტარები