ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

„ვეღარ გააყალბებ“ - ენმ ახალ კამპანიას იწყებს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“. პარტიის განცხადებით, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა. ასევე, "გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა". კამპანიის შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

"ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთან ერთად. შესაბამისად, მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვთხოვთ მათ, ჩამოვაყალიბოთ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო.

მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს - ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას.

თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად" - განაცხადეს პარტიის ლიდერებმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები