საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი არტიომ კავინოვი საპატრიარქოში რუს სასულიერო პირებთან ერთად მივიდა და მათ მისი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"არავითარი მოწვევა ამ ადამიანს ჩვენი მხრიდან არ ჰქონია და არც მათი მხრიდან მოწერილი არ ყოფილა ჩამოსვლისთვის, ესენი იყვნენ მომლოცველები, სასულიერო პირები, რომლებმაც თან იახლეს საერო პირები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ გადავამოწმოთ, ვინ რა თანამდებობისაა,"- ამბობს დეკანოზი.
დეკანოზმა აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატი პატრიარქის ანგელოზის დღესთან დღესთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რის შემდეგაც სასულიერო პირებთან ერთად, მათ პატრიარქს "თავისი ანგელოზის დღე მიულოცეს".
ტაბულას კითხვაზე, რომ სცოდნოდათ დეპუტატის თანამდებობის შესახებ, მიიღებდნენ თუ არა, დეკანოზი გვპასუხობს:
"ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ რაც არ მომხდარა, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ თუ ვინმე წინასწარ გვეტყოდა, რომ ახლა მობრძანდება რუსეთის დეპუტატი საპატრიარქოში, თუ მას ენდომებოდა ოფიციალური მიღება, ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად განაცხადებდა ამის შესახებ, მიიღებდა თუ არ მიიღებდა. შეიძლება, რაღაც ისეთი თემა ყოფილიყო, ისე დაეკონკრეტებინათ მათ, რომ მიეღოთ... ამაზე ჩვენი ლაპარაკი ახლა დაემსგავსება მკითხაობას. ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი მოვიდა მომლოცველებთან ერთად და ჩვენ მისი თანამდებობა არ ვიცოდით".
ვლადიმირ პუტინის თანაპარტიელი და "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მასპინძელი, დუმას დეპუტატი არტიომ კავინოვი საქართველოში იმყოფება. რუსთავი 2-თან საუბარში, მამა გიორგი გურჩიანი ამბობს, რომ კავინოვი თბილისში გუშინ, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩამოვიდა და საქართველოს პატრიარქს ილიაობა - მფარველი ანგელოზის დღე მიულოცა. მისი თქმით, რუსი პოლიტიკოსი სვეტიცხოველში იმყოფებოდა, საღამოს კი, ის საპატრიარქოშიც მიიწვიეს და ილია მეორეს საჩუქარიც გადასცა. მამა გიორგი ამბობს, რომ ეს იყო "მეგობრული და თბილი შეხვედრა". მისი თქმით, კავინოვმა საქართველოს პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევაც მიიღო.
გარდა ამისა, რუსთავი ორთან საუბარში, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია ამბობს, რომ კურიერმა კავინოვთან შეხვედრისას განხილული თემების შესახებ არ უნდა იცოდეს.
"ჩვენ გვაქვს კერძო შეხვედრა, არაოფიციალური და ვსაუბრობთ ყველაფერზე, ქვეყანაზე რაც ხდება. "კურიერზე" ვჭორიკნობთ, "კურიერი" როგორი გადაცემაა კარგი, თუ ცუდი. "კურიერი" ანგრევს ჩვენს ქვეყანას, თუ არ ანგრევს ჩვენს ქვეყანას, აი ამაზე ვლაპარაკობთ. მე არ მაქვს დრო, რომ თქვენ გვესაუბროთ,“ - თქვა მარშანიამ.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ერთი თვის წინ, რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის სათათბიროს წევრებს, მათ შორის, არტიომ კავინოვს შეხვდნენ. ისინი საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მოგვიანებით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ადა მარშანიამ თქვა, რომ "რუსი დეპუტატებიც უნდა ჩამოვიდნენ და ჩვენც სისტემატურად ვივლით მოსკოვში".





