ლატარია

მთავრობამ ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია ახალ კომპანიას გადასცა

JOEL SAGET / AFP

"საქართველოს ლატარიის კომპანია" რამდენიმე კვირაში საქმიანობას შეწყვეტს. ლოტოს უკანასკნელი 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. მის ნაცვლად ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს.

ფინანსთა სამინისტრომ ლატარიის ლიცენზიისთვის ჩაატარა სპეციალური ტენდერი, რომელშიც კომპანია "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერიმ" გაიმარჯვა. მომდევნო 10 წლის მანძილზე ქვეყანაში ლატარიის ჩატარების ლიცენზია სწორედ მას ექნება.

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ", ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას ბიუჯეტის წინაშე ათობით მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა. სახელმწიფოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკუთვნის, რის გაყიდვასაც ის 2016 წელს ცდილობდა, თუმცა ვალებით დამძიმებული კომპანიის ყიდვაზე ინვესტორებმა უარი თქვეს. საბოლოოდ კი 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც საბოლოოდ "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერიმ" გაიმარჯვა.

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანია უკვე წლებია გადასახადებს თავს არიდებს და ამავდროულად წაგებაზე მუშაობს. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ლატარიის კომპანიის პრივატიზაცია გადაწყვიტა, მაშინ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის საწყისი ფასი ათას ლარს შეადგენდა. როგორც აღმოჩნდა ვალებით დამძიმებული კომპანიის შეძენა არავინ მოისურვა. 2016 წლის 11 თებერვალს სახელმწიფომ აუცქიონი შეაჩერა. 

კომპანიას სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 200-მილიონიანი დავალიანება აქვს.

კომენტარები