ელექტრომობილი

2022-დან ტოიოტა მასობრივ ბაზარზე გათვლილ, სწრაფად დატევნად ელექტრომობილს გაყიდის

Getty Images

იაპონური გიგანტი Toyota Motor Corp მუშაობს ახალ ელექტრომობილზე რომელიც ტრადიციული ლითიუმ-იონის ბატარიის ნაცვლად უფრო თანამედროვე ტიპის ბატარეებს გამოიყენებს. პროექტის მიხედვით, ახალი ელექტრომობილი დღეს არსებულ მოდელებთან შედარებით უფრო სწრაფად დაიტენება.

Reuters-ის ცნობით, ახალი ავტომობილის გაყიდვები სავარაუდოდ 2022 წლიდან დაიწყება. ახალი ტიპის ბატარეების კომერციულ წარმოებას Toyota 2020 წლიდან გეგმავს. 

ეს იქნება ავტომობილი რომლის დატევნასაც მაქსიმუმ ნახევარი საათი დაჭირდება და ის ერთი დატენვით დაახლოებით 500 კილომეტრს გაივლის. 

ამ ნაბიჯით Toyota ცდილობს აითვისოს ახალი ბაზარი, რომელზეც დღეს Tesla და Nissan-ი ლიდერობენ.

Toyota დღეისთვის ჰიბრიდული ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიამ გასულ წელს 355 ათასი Prius-ი გაყიდა.

ახალი თაობის ბატარეების შექმნაში სოლიდურ ინვესტიციებს BMW და Chevrolet-იც დებენ. 

შედარებით ბიუჯეტური ელექტრომობილების ბაზარზე Nissan-ის Nissan Leaf-ი ლიდერობს. ის $30 ათასი ღირს და ერთი დატენვით 140 კილომეტრს ფარავს. 2010 წლიდან მოყოლებული ბაზარზე 200 ათასი Nissan Leaf-ია გაყიდული.

ძვირადღირებული ელექტრომობილების ბაზარზე კი Tesla დომინირებს. მისი Model s-ის ღირებულება დაახლოებით $70 ათასიდან იწყება. გლობალურად 2012-2017 წლებში 180 ათასი Model s-ია გაყიდული. 

რამდენიმე დღის წინ Tesla-მ ახალი ელექტრომობილი, model 3 წარადგინა. ეს იქნება მასობრივ ბაზარზე გათვლილი პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ავტონომიური მართვის პროგრამა და ერთი დატენვით 350 კილომეტრის გავლა შეეძლება. მისი საწყისი ფასი $35 ათასია.

მასობრივ ბაზარზე გათვლილი, გრძელმანძილიანი (ერთ დატევნაზე 498 კილომეტრი) ელექტრომობილი წარადგინა Chevrolet-მაც. Chevy Bolt-ის ღირებულება $37 ათასიდან იწყება. Tesla-სგან განსხვავებით Bolt-ს გზატკეცილზე ავტონომიურად მართვის ფუნქცია არ აქვს.

გრაფიკი, რომელიც ელექტრომობილების რევოლუციას მოასწავებს:

უახლოესი 10 წლის მანძილზე მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმის დაწყებაა მოსალოდნელი. S მრუდი წარმოადგენს მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელს. გასული საუკუნის მანძილზე პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური სიახლის ათვისება S მრუდის მიხედვით მოხდა. გრაფიკის მიხედვით, ტექნოლოგიის განვითარების თავდაპირველ წლებში მისი გავრცელება საკმაოდ დაბალია, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესისა და მასობრივი წარმოების შედეგად დაახლოებით 10-15 წლის პერიოდში მისი ძალიან მაღალი ტემპებით გავრცელება ხდება. ასე მოხდა მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ინტერნეტის, ტელევიზორის, რადიოს, მაცივარისა და სხვა ათობით დასახელების პროდუქტის შემთხვევაში. 

ელექტრომობილების შემთხვევაშიც მსგავსი ტრენდი შეინიშნება. დღეისთვის ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ყველაზე მაღალი ნორვეგიაშია, სადაც 2016 წელს შეძენილი ავტომობილების 26% ელექტრომობილი იყო, შედარებისთვის 2013 წელს ნორვეგიაში ელექტრომობილების წილი 6%-ს შეადგენდა. გლობალურად კი ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ავტომობილია, საიდანაც ელექტრომობილი დაახლოებით 2 მილიონია.

მთავარი გამოწვევა, რაც ელექტრომობილებმა უნდა გადალახონ ელექტრობატარეის ტევადობის ზრდა და დატენვის დროის შემცირებაა. ანალიტიკოსების შეფასებით, უკვე 2030 წლისთვის ახალი ელექტრომობილის ღირებულება შიგა წვის ავტომობილის ღირებულებაზე ნაკლები იქნება.

კომენტარები