დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

ავღანეთში 1 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 - დაშავდა

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მშვიდობისმყოფელის, უმცროსი სერჟანტ მდინარი საბას ძე ბებიაშვილის ოჯახს.

კომენტარები