დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი მუხათგვერდზე თავისი ინიციატივით მივიდა

აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით მივიდა. ამის შესახებ ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

''საქართველოს პრეზიდენტს აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. დაკრძალვის თაობაზე პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციის გზით შეიტყო ინფორმაცია და თვითონ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა დასწრებოდა დაკრძალვას" - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტები მუხათგვერდის სასაფლაოზე 2 აპრილს დაკრძალეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები არ ესწრებოდნენ. პრემიერმინისტრმა დღეს ეს ღონისძიების არაორგანიზებულობით ახსნა. ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ არამარტო თავდაცვის მინისტრის არამედ მთავრობის სხვა წევრების ვალდებულება იყო ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ეს იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნიმუშების დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივი ცერემონიალი და ღონისძიებას დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების დიდი ნაწილიც არ ესწრებოდა.

კომენტარები