მაიკ პენსის ვიზიტი

რა თემებზე ისაუბრეს მაიკ პენსმა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას

Reuters

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ოპოზიციიის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრის თემები იყო საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და სხვა მიმდინარე პროცესები, მათ შორის, სიტყვის თავისუფლება და რუსთავი 2-ის საქმე.

"ჩვენი პოზიცია და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პოზიცია სრულად ემთხვევა ერთმანეთს, რომ სწორედ დემოკრატიული საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომელიც იპოვნის თავის ადგილს ევროატლანტიკურ სივრცესა და ნატოში და რომელიც შეძლებს, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან, ამიტომ, ქართული დემოკრატია არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკის საქმე, ეს არის რეცეპტი და წამალი ყველა ჩვენი პრობლემის წინააღმდეფ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

”შენების მოძრაობის” დამფუძნებლის და თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მათ უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.  

“ყველა საკითხს შევეხეთ, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების. მე შევთავაზე ბატონ ვიცეპრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე, მათი მხრიდან თუა "Amerikan first", იყოს Georgia next, ჩვენი მხრიდან იქნება Georgia first, Amerika next და ამაზე შევჯერდით. ეს ნიშნავს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - თქვა უსუფაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის შალვა შავგულიძის თქმით კი, საუბარი არაფორმალურ მმართველობასაც შეეხეო.

”მე ვისაუბრე სწორედ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგევართ. ეს არის უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბი კონცენტრაცია, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში და შესაბამისად, ინსტიტუციური მმართველობის მოშლა და არაფორმალური მმართველობა, ბატონი ვიცეპრეზიდენტი მეტად ყურადღებით ისმენდა ამას“ - განაცხადა შავგულიძემ.  

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

მაიკ პენსი ამ წუთებში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრს ხვდება, რის შემდეგაც, ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. 

ამის შემდეგ, ამერიკის ვიცე პრეზიდენტი გაემგზავრება აეროპორტში, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს მიესალმება. მაიკ პენსი სიტყვით მიმართავს სამხედროებს. 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პატრიარქსაც შეხვდება.

მაიკ პენსი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც, ის მონტენეგროში გაემგზავრება.

კომენტარები