ორსულობა

ორსულობასთან დაკავშირებული მითები და ნახევრად მითები

ის, რომ ორსულმა ორი ადამიანის ნაცვლად უნდა იკვებოს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული მითია. თუმცა, სინამდვილეში ორსულს სულ რაღაც დაახლოებით 200 კალორიით სჭირდება საკუთარი რაციონის გაზრდა დღიურად - რაც, კვლევების მიხედვით, ბევრმა ქალმა არ იცის. პირიქით, ჭარბწონიანობა ორსულობისას ჯანმრთელობას ვნებს. თუმცა, ეს არაა ერთადერთი მითი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული. მართალია, ზოგი მითი სრულიად მცდარი არაა, მაგრამ ბევრი გადაჭარბებულია. 

მუცლის ფორმით ნაყოფის სქესის გამოცნობა

 

მუცლის ფორმას უმეტესად მხოლოდ იმის თქმა შეუძლია ორსულობისას, რომ, უბრალოდ, ქალი ორსულადაა. სხვა ყველაფერი ნაყოფის მდგებარეობასთან, წონასთან და ორსულის კუნთების მდგომარეობასთანაა კავშირში. ბავშვის სქესს ასე ვერ გამოიცნობთ. სჯობს, ექოსკოპიას მიმართოთ.

კვების რაციონი ჩასახვამდე ნაყოფის სქესს განსაზღვრავს 

 

ეს მოსაზრება დაფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა. ცხადია, ტკბილი, შაქრიანი საკვების დახმარებით მაინდამაინც გოგოზე ვერ დაორსულდებით და ვერც მარილიანი და ცხარე საკვები შეუწყობს ხელს, რომ ნაყოფის სქესი მამრობითი იყოს. ეს სექსისტური თეორიაა. თუმცა, 2008 წელს ერთ-ერთმა კვლევამ მართლაც აჩვენა, რომ ორსულობამდე მაღალკალორიული დიეტა ბიჭის ჩასახვას შეიძლება, უწყობდეს ხელს. 

ორსულობისას გულის წვა ნიშნავს, რომ ნაყოფი თმიანია

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქალებს, რომელთაც ორსულობისას გულის წვა აწუხებდათ, სწორედაც რომ სხვებთან შედარებით თმიანი ბავშვები გაუჩნდათ, ამ ვერსიას მაინც მითებს ვაკუთვნებთ. კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, გულის წვა ორსულობისას კი უამრავი სხვა მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული.

 

კლასიკური მუსიკის მოსმენა ორსულობისას ნიშნავს, რომ უფრო ჭკვიანი შვილი გეყოლებათ

 

სამწუხაროდ, ესეც მითი უნდა იყოს. ამის მტკიცებულება ძალიან ფრაგმენტული და ნაკლებ დამაჯერებელია. სამაგიეროდ, კლასიკური მუსიკის მოსმენა თქვენ დაგეხმარებათ, რომ უფრო მშვიდად იყოთ. თუ იმავე მუსიკას ბავშვის დაბადების შემდეგაც ჩართავთ - მასაც შეიძლება დაეხმაროს ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. 

                                           მასალა მომზადებულია The

                                      Guardian-ის სტატიებზე დაყრდნობით.

კომენტარები