სოფლის მეურნეობა

მიწების მორატორიუმის გამო კომერციულ ბანკებს საკუთრების უფლება შეეზღუდათ

REUTERS

ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს, რომელთა საკონტროლო პაკეტსა უცხოეთის მოქალაქეები ფლობენ, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გამოცხადებული მორატორიუმის გამო საკუთრების უფლება შეეზღუდათ. ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, ზურაბ ძნელაშვილის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან ხდება ცნობილი.

2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი მნიშვნელოვან იურიდიულ ხარვეზებს შეიცავს.

"შეზღუდვა ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირზე, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

ეს შეზღუდვა გავლენას ახდეს, როგორც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნორმის ძალაში შესვლამდე განხრციელებულ ქმედებებზე ასევე მათ სამომავლო საქმიანობაზე. კერძოდ, ბაზრის შეზღუდვის გამო ბანკებს გაუჭირდებათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. რიგი კომერციული ბანკები ვეღარ ახერხებენ მორატორიუმის ძალაში შესვლამდე ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის საკუთრებად დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში", - წერია ბიზნესომბუდსმენის წერილში.

ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ამ აკრძალვის გამო სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაც შეიძლება შეფერხდეს - "შეფერხდება ის სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც კომერციული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის კომპონენტს ითვალისწინებს".

უცხოეთის მოქალაქეები საკონტროლო წილებს ფლობენ ტერაბანკში, პროკრედიტ ბანკში, ზირაათ ბანკში, ბაზისბანკში, ხალიკ ბანკსა და სხვა კომერციულ ბანკებში. 

ეს ქართული ოცნების მიერ უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე გამოცხადებული უკვე მეორე მორატორიუმია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

კომენტარები