აფგან მუხთარლის საქმე

ომბუდსმენი: პროკურატურამ მუხთარლიზე ჩვენი წინადადება ნაწილობრივ გაითვალისწინა

სახალხო დამცველის აპარატი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ საქართველოს პროკურატურამ ომბუდსმენის წინადადება ნაწილობრივ გაითვალისწინა. 

კერძოდ, საქმე ეხება ომბუდსმენის ინიციატივას, რომ პროკურატურას აფგან მუხთარლი დაზარალებულად ეცნო და მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულიყო. 

"საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის წინადადებით მიმართა. ამასთან, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის უნდა მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი,"- აცხადებს ომბუდსმენი. 

ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს 2017 წლის 21 ივლისს წერილობით აცნობეს, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტვისთვის დაზარალებულად ცნობას საქართველოს სს-ის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები სჭირდება.

"სახალხო დამცველი არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის,"- წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გმოძიება 20 ივლისს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. 

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს" - განაცხადა პროკურატურამ. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები უკვე გაიმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები