ფინანსები

$1-მილიარდიანი კაპიტალის ჩინური ბანკი საქართველოში 2018 წლიდან დაიწყებს საქმიანობას

Getty Images

მთავრობის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანია CEFC China Energy მის პარტნიორებთან ერთად, კომერციული ბანკის გახსნას გეგმავს. ბანკის კაპიტალის მოცულობა დაახლოებით $1 მილიარდი დოლარი იქნება.

ჩინეთში საქართველოს ელჩმა დავით აფციაურმა რადიო კომერსანტთან საუბარში განაცხადა, რომ ბანკის დაფუძნებისთვის იურიდიული დეტალების განხილვა 2018 წლის დასაწყისში დასრულდება. საქართველოში ჩინური ბანკის დაფუძნების მემორანდუმს ხელი 2017 წლის 14 მაისს მოეწერა. 

"ამ ბანკის მეშვეობით შეიქმნება ახალი გარემო იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით. ისეთი მსხვილი კომპანიების გამოჩენა, როგორიც არის CEFC, ნიშნავს იმას, რომ მეტი ინვესტიცია შემოვა. განსხვავებით ჰუალინგისგან, რომელმაც პირველმა დაიწყო საქმიანობა საქართველოში, CEFC უფრო დიდი მასშტაბის კომპანიაა და უფრო მეტი შესაძლებლობების მქონეც", - ამბობს აფციაური.

CEFC China Energy მზარდი ენერგეტიკული და საფინანსო კორპორაციაა, 2015 წელს მისმა ბრუნვამ $35 მილიარდი შეადგინა. კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სია Global Fortune 500-ის სიაში 224-ე ადგილზე იმყოფება.

2016 წელს CEFC-იმ $680 მილიონად ყაზახური KazMunaGaz-ის ბიზნესის ნაწილი შეიძინა. კომპანიას ასევე ეკუთვნის ნავთობის საბადოები და სხვა ენერგეტიკული აქტივები. კომპანია ფლობს ნავთობის ტერმინალს საუდის არაბეთში, ასევე ფლობს რუმინული Rompetrol-ის წილებს და ჩეხური საფინანსო კომპანია J&T-ს 50%-იან წილს.

კომენტარები